გაკვეთილებისიახლეები

ალტერნატიული სიუჟეტი და AI ანიმაცია — ინტეგრირებული გაკვეთილი I კლასში

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე
საყრდენი ტექსტი: „ბელები ქალაქში“

ჩვენს საკლასო ოთახში კვლავ საინტერესო, შემოქმედებითი და სახალისო აქტივობა ჩატარდა!

აქტივობის ეტაპები:

• I ეტაპი (ტექსტის ტრანსფორმაცია და ერთობლივი წერა მასწავლებლის ჩარევის გარეშე): ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ტექსტის — „ბელები ქალაქში“ — დამუშავების შემდეგ, მოსწავლეებს შევთავაზე სიუჟეტური ალტერნატივა: შეეცვალათ ფინალური ეპიზოდი და წარმოედგინათ, რომ პოლიციელებმა ბელები მშობლების ნაცვლად ზოოპარკში წაიყვანეს. თავდაპირველი გაოცების შემდეგ გამოვიყენეთ სტრატეგია „მასწავლებელი-კალამი“, სადაც პედაგოგი მხოლოდ ფასილიტატორისა და მწერლის როლში მოქმედებდა, ყოველგვარი შინაარსობრივი ჩარევის გარეშე. მთელმა კლასმა ერთობლივად, კარნახით შექმნა 5-6-წინადადებიანი ახალი მოთხრობა;

• II ეტაპი (ვიზუალიზაცია და შინაარსის გააზრება): მოსწავლეებმა მიიღეს დავალება, რომ შექმნილ მოთხრობაზე დაყრდნობით დაეხატათ ილუსტრაციები. ამან ხელი შეუწყო ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას, პერსონაჟებისა და მოქმედებების ვიზუალურ გაცოცხლებას;

• III ეტაპი (ინტეგრაცია ტექნოლოგიებთან და სიურპრიზი): მოსწავლეთა მიერ შექმნილი ტექსტისა და ილუსტრაციების საფუძველზე, ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების გამოყენებით შეიქმნა მოკლე ანიმაციური ფილმი.

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება ალტერნატიული სიუჟეტის შექმნით, თანამშრომლობითი უნარების განმტკიცება და თანამედროვე ტექნოლოგიების (AI) ინტეგრაციით სწავლის მოტივაციის ამაღლება.

განვითარებული უნარები:
• შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება: მოსწავლეებმა შეძლეს არსებული სიუჟეტისგან გადახვევა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება („რა მოხდებოდა, ზოოპარკში რომ წაეყვანათ?“) და ახალი ისტორიის შექმნა;
• თანამშრომლობა და სოციალური უნარები: ერთმანეთის მოსმენა, იდეების გაზიარება, საერთო აზრზე შეთანხმება და გუნდური მუშაობა საერთო პროდუქტის შესაქმნელად;
• ვიზუალური და სივრცითი აზროვნება: მოფიქრებული ტექსტის გარდაქმნა ვიზუალურ ილუსტრაციად.

პროექტის სრულყოფილად განხორციელებას 3 საგაკვეთილო საათი დაეთმო.

გიზიარებთ ჩვენი პატარების ნამუშევრებსა და ანიმაციას!

 

1000004420
1000004419
1000004420 1000004419