„დაიორამა“
2026 წლის 14 აპრილს, მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მომავალი არქიტექტორების საქალაქო კონკურსში — „დაიორამა“, რომელიც ფანტაზიისა და რეალობის ჰარმონიულ შერწყმას ისახავდა მიზნად. პროექტს სკოლის მხრიდან ხელმძღვანელობდა პედაგოგი სოფიო ფერაძე.
აღნიშნული კონკურსი ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო პლატფორმა აღმოჩნდა. პროცესში ჩართულობით მათ მიეცათ შესაძლებლობა:
-
განევითარებინათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება;
-
წარმოედგინათ მომავლის ქალაქი და არქიტექტურული გარემო საკუთარი, უნიკალური ხედვით;
-
შეესწავლათ მაკეტის შექმნის, სივრცის დაგეგმვისა და კომპოზიციური აზროვნების პრინციპები, სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის პრაქტიკული გამოყენებით;
-
გაეღრმავებინათ ინტერესი მშობლიური ქალაქის მიმართ, დაეფასებინათ მისი ისტორიული გარემო და განევითარებინათ ძველი და თანამედროვე არქიტექტურის ჰარმონიულად აღქმის უნარი.
კონკურსის ორგანიზატორი გახლდათ ააიპ „ქუთაისის კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებათა გაერთიანების“ განყოფილება ქალბატონ მანანა გვენეტაძის ხელმძღვანელობით. სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის მას ამ შესაძლებლობისა და მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც, ასევე გაიმართა მოსწავლეთა პროდუქტიული შეხვედრა არქიტექტურული კომპანიის — „MA architects“-ის პროფესიონალ არქიტექტორებთან.
საქალაქო კონკურსზე წარდგენას წინ უძღოდა მოსწავლეთა სამთვიანი, დაუღალავი შრომა. შექმნილი მაკეტები თავდაპირველად სკოლის საზოგადოებას წარედგინა, რის შემდეგაც ღირსეულად გადაინაცვლა საქალაქო გამოფენაზე.
მე-14 სკოლის სახელით კონკურსზე წარდგნენ:
-
პროექტი „ეკო-სივრცე“ (VIII ბ კლასის გუნდი): მარი ონიანი, ანა-მარია გორგოძე, ჯული ჩეგიანი, საბა ფხაკაძე.
-
პროექტი „ქუთაისის რეგიონალური აეროპორტი“ (IX ბ კლასი, ინდივიდუალური): ელენე თოდაძე.
-
პროექტი „ქალაქის სუნთქვა“ (IX ა კლასის გუნდი): ელენე კობახიძე, გაბრიელ კოჩაძე, ლიზი კვაჭაძე, ელენე მაღლაკელიძე, მანანა გიორგაძე.
აღნიშნულმა კონკურსმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა ახალგაზრდების ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების მასშტაბები. თითოეული ნამუშევარი სცდებოდა უბრალო მაკეტის ცნებას — ეს იყო მომავლის ქუთაისის იდეა და ხედვა, სადაც მოსწავლეებმა ოსტატურად შეძლეს ისტორიის, არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზირება.
განსაკუთრებით დასაფასებელია ის შრომა, მოთმინება და დეტალებისადმი ყურადღება, რომელიც თითოეულ პროექტში იგრძნობოდა. კონკურსმა დაადასტურა, რომ ხელოვნება და შემოქმედება არ არის მხოლოდ ესთეტიკა — ეს არის აზრის, ემოციისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
ვულოცავთ ჩვენი სკოლის ნიჭიერ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას მომავალ საქმიანობაში!

