ყვავილები, პეპლები და პირველი გამოკლება — სახალისო მათემატიკა I კლასში
საგანი: მათემატიკა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე
სწავლა, შექმნა, დაკვირვება და ახსნა — როდესაც ეს კომპონენტები ერთიანობაში მიმდინარეობს, სასწავლო პროცესი ხალისიანიც არის და შედეგიანიც, ხოლო მიღებული ცოდნის რეალურ, თვალსაჩინო მაგალითებთან დაკავშირება მას კიდევ უფრო მყარსა და გააზრებულს ხდის.
I კლასში, თემაზე — „გამოკლება 5-ის ფარგლებში“, მოსწავლეებმა შექმნეს ინდივიდუალური ნამუშევრები: დახატეს ყვავილები და მათზე გამოსახული პეპლების რაოდენობით გამოკლების არსი პრაქტიკულად აღმოაჩინეს.
პირველ ყვავილზე ბავშვებმა ხუთი პეპელა დახატეს, ორი გადახაზეს და ახსნეს, თუ რას ნიშნავდა გადახაზვა, რამდენი პეპელა იყო თავდაპირველად და რამდენი დარჩა. შემდეგ, მეორე ყვავილზე სამი პეპელა გამოსახეს, ერთი გადახაზეს და საკუთარი მოქმედება კვლავ სიტყვიერად განმარტეს.
სასწავლო მიზანი:
მოსწავლემ შეძლოს 5-ის ფარგლებში გამოკლების მოდელირება ნახატის საშუალებით, განსაზღვროს საწყისი და დარჩენილი რაოდენობები, გაიაზროს გამოკლება, როგორც რაოდენობის შემცირება, და სიტყვიერად ახსნას შესრულებული მოქმედება.
აქტივობა სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით (ესგ) გათვალისწინებულ მათემატიკურ მიმართულებებს: რაოდენობებისა და მოქმედებების გააზრებას, მათემატიკური წარმოდგენების სხვადასხვა ფორმით გამოხატვასა და მსჯელობით საკუთარი პასუხის დასაბუთებას.
ნამდვილად საოცარი და მონდომებული „მერცხლები“ ჰყავს მარიამ მასწავლებელს!
გიზიარებთ ჩვენი პატარების ნამუშევრებს.

