ინტეგრირებული გაკვეთილი მე-6ბ კლასში
2015 წლის 29 იანვარს მე-6 ბ კლასში (დამრიგებელი თამარ გაბისონია) ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და მუსიკაში (მასწავლებლები ნონა ჩუბინიძე და თამარ გაბისონია) გაკვეთილის თემა იყო წილადები. გაკვეთილი დაიწყო წილადების თემის გამეორებით. ბავშვებმა გაიმეორეს წილადის რაობა, არაწესიერი და წესიერი წილადები, წილადის ძირითადი თვისება, წილადების შეკვეცა, შეკრებისა და გამოკლების ხერხები და გააკეთეს რამდენიმე მაგალითი ამ თემაზე. შემდეგი აქტივობა იყო წყვილებში მუშაობა. მასწავლებელმა ბავშვებს დაურიგა წინასწარ გამზადებული სამუშაო. ფურცლებზე სხვადასხვა ფიგურა დაყოფილი იყო სხვადასხვა რაოდენობის ტოლ ნაწილებად და გვერდით მიწერილი იყო წილადები. მოსწავლეებს უნდა დაეშტრიხათ წილადის შესაბამისი არე თითოეულ ნახაზზე. დავალების შესრულების შემდეგ ბავშვებმა გაცვალეს ნამუშევრები და ერთმანეთის ნამუშევრები შეამოწმეს. შეცდომები განვიხილეთ დაფასთან. ამის შემდეგ მათემატიკის მასწავლებელმა ბავშვებს აუხსნა, თუ რაში გამოადგებათ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა ცხოვრებაში და მაგალითად მოიყვანა თუ როგორ ხდება მუსიკალური ნაწარმოების აწყობა წილადების მეშვეობით. ამის შემდეგ მუსიკის მასწავლებელმა თამარ გაბისონიამ მოსწავლეებს შეახსენა ნოტის ზომები, მთელი, ნახევარი, მეოთხედი და მერვედი ნოტის ჩაწერის ხერხები. სქემატურად გამოსახეს როგორ იყოფა მთელი ნოტი და რა გრძლიობა აქვს თითოეულ ნოტს. შემდეგ კი მოსწავლეებს ჩააწერინა კარნახი. კარნახის ჩაწერის შემდეგ მოსწავლეებმა თითოეულ ნოტს მიუწერეს შესაბამისი ზომა წილადის სახით. მათემატიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის მეშვეობით მარტივად დადგინდა, რომ ყველა ტაქტში აღმოჩნდა ერთი და იგივე ზომის ნოტები. გაკვეთილის ბოლოს მათემატიკის მასწავლებელმა კლასს აჩვენა მის მიერ საპრეზენტაცო ფორმატ powtoon-ში შექმნილი ელექტრონული რესურსი წილადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ეს რესურსი ატვირთულია საიტზე www.youtoobe.com და მოსწავლეებს საშუალება აქვს ნებისმიერ დროს ნახონ ის და ამ სახალისო ვიდეოს მეშვეობით გაიმეორონ მასალა.
გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. დამსწრე საზოგადოებამ დაუფარავად აღნიშნა, რომ მათთვისაც აღმოჩენა იყო მათემატიკასა და მუსიკას შორის ასეთი მჭიდრო კავშირი.

































