საანბანო პერიოდის დაწყება და პირველი „აი ია“ — ზეიმი I კლასში
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: I
პედაგოგი: მარიამ ბოლქვაძე
ჩვენს პირველკლასელებთან ერთად დაუვიწყარი და ემოციებით დატვირთული დღე გავატარეთ — საზეიმოდ გადავედით საანბანო პერიოდზე!
ღონისძიების მთავარი ეტაპები და აქტივობები შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართა:
• დღე დავიწყეთ მუსიკით, რომელიც პირველ ასო-ბგერებს — „ა“-სა და „ი“-ს ეძღვნებოდა. საზეიმოდ გავაფორმეთ საკლასო ოთახი, რამაც პატარებს საოცარი განწყობა შეუქმნა;
• მოსწავლეებს გავაცანით იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება, მოღვაწეობა და მის მიერ შექმნილი ისტორიული „დედა ენა“, რომელმაც არაერთი თაობის წიგნიერებას დაუდო სათავე;
• პროექტორზე ბავშვებს ვაჩვენე ჩემ მიერ შექმნილი ანიმაციური ვიდეო, სადაც საინტერესო და სახალისო ფორმით იყო მოთხრობილი ლეგენდა „აი იაზე“;
• საზეიმოდ გადავშალეთ „დედა ენა“, სადაც მოსწავლეებმა პირველად აღმოაჩინეს ჩვენი ანბანის საწყისი — პირველი ასო-ბგერები „ა“ და „ი“;
• შემოქმედებითი და პრაქტიკული სამუშაო: პატარებს სპეციალურად დაბეჭდილი სამუშაო მასალები დავურიგე, რის შემდეგაც მათ გამოიწერეს თავიანთი პირველი წინადადება — „აი ია“;
• თითოეულ მოსწავლეს სიმბოლურად გადავეცი ონლაინსერტიფიკატი, რაც მათთვის წიგნიერების გზაზე გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯის აღნიშვნა იყო.
მსგავსი ინტერაქტიული და მრავალფეროვანი მიდგომები ხელს უწყობს ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებასა და წიგნისადმი სიყვარულის გაღვივებას.

