„ჩრდილების თეატრი“
ინტეგრირებული შემოქმედებითი პროექტი – „ ჩრდილების თეატრი “
საგანი – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მასწავლებელი – სოფიკო ფერაძე
სამიზნე ჯგუფები – V / ა: V / ბ კლასები
პროექტი აქტუალურია – თანამედროვე ბავშვებში მნიშვნელოვანია შემოქმედებითი აზროვნების, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და თვითგამოხატვის უნარების განვითარება. მსგავსი ინტეგრირებული პროექტები სასწავლო პროცესს უფრო საინტერესო, ინტერაქტიულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოდ აქცევს, რაც ზრდის მოტივაციასა და ჩართულობას.
ამ აქტივობის მიზანი იყო – მოსწავლეები გაცნობოდნენ ქართული ხალხური ზღაპრების შინაარსსა და კულტურულ მნიშვნელობას, ასევე თეატრის ხელოვნების სპეციფიკას, განევითარებინათ მხატვრული და თეატრალური თვითგამოხატვის უნარები და თანამშრომლობის კულტურა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შექმნეს ჩრდილების თეატრის ეკრანი, დაამზადეს პერსონაჟების ფიგურები და ბუტაფორია, შეარჩიეს მუსიკალური გაფორმება, გაინაწილეს როლები, განსაზღვრეს გამხმოვანებლები და დიქტორები, რაც მათ საშუალებას აძლევდა სრულად ჩართულიყვნენ სპექტაკლის შექმნის პროცესში.
აქტივობის შედეგად მოსწავლეები გაეცნენ თეატრის ხელოვნების სპეციფიკას — როგორ იქმნება სცენური მოქმედება, რა მნიშვნელობა აქვს განათებას, ხმას, მუსიკალურ გაფორმებას, პერსონაჟის ხასიათის გადმოცემას, როლების განაწილებასა და გუნდურ მუშაობას. მათ პრაქტიკულად გამოსცადეს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მონაწილის ფუნქცია საერთო შედეგის შესაქმნელად.

