ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები
არა რა, ტყუილად გადავწყვიტე დამეწერა, ტყუილად ვწვალობ. როგორ შეიძლება ადამიანმა სიტყვებით გადმოსცე ის, რაც დღეს ჩემი სკოლის ერთ საკლასო ოთახში, ერთი გაკვეთილის განმავლობაში ხდებოდა. მე-8-ბ კლასელებმა ქართულის მასწავლებელს, ხათუნა სვანიშვილს ძალიან უწყინარი კითხვა დაუსვეს ამ ერთი კვირის წინ: რატომ ვისვენებთ 9 აპრილსო. იმ დღიდან დაწყებული მთელი კლასი თავის მასწავლებლიანად თავით გადაეშვა საქმეში. დღეს კი უბრალოდ წარმოადგინეს. რა უნდა ეთქვათ მათ ახალი, ან ისეთი რაც არ ვიცოდი, ან რაც არ დაწერილა. მაგრამ ეს იცით რა იყო? უბრალოდ “ტიტებისა” და იმ დღეების დოკუმენტური მასალის ფონზე წაიკითხეს იმ ადამიანების ჩანაწერები, რომლებიც შეეწირნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. დიახ, ამბები მათი ცხოვრებიდან, მათი ჩანაწერები წაიკითხეს, ხეზე გაკრული ლექსებიც წაიკითხეს. არ იყო დამსწრე გაკვეთილზე, ვინც არ ტიროდა. არ ვიცი ეს რა იყო. ამ პატარა მოქალაქეებმა გრძნობით წარმოგვიდგინეს უბრალო ადამიანების ცხოვრების დეტალები, რომლებიც გმირებად იქცნენ. მე კარგად წერა არ შემიძლია. მე ვერ გადმოვცემ იმ განცდებს, მაგრამ მერწმუნეთ ხალხო, ვიდრე ჩვენი ბავშვები ასე ინტერესდებიან საქართველოს წარსულის ყველა დეტალით, ვიდრე მათ ასე გულიანათ და ასეთი გრძნობით შეუძლიათ გადმოსცენ იგი, მანამ არაფერი გვიჭირს, მანამ ბედნიერები ვართ. მჯერა, რომ დღეს, იმ პატარა საკლასო ოთახში ნამდვილი გმირები ისხდნენ, ის გმირები ფარად რომ აეფარებიან თავიანთ ქვეყანას საჭიროების დროს.