პოდკასტი – „განათლების ფარული ფასი“
ჩვენს სკოლაში 2025–2026 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ახალი ინიციატივა განხორციელდა. მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა – ნ. ჯიბლაძემ და მ. ურიდიამ, ინგლისური ენის მასწავლებლის, ლ. იმნაიშვილის მხარდაჭერით, დაიწყეს პოდკასტის ჩაწერა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. პირველი პოდკასტი მიეძღვნა განათლების თემას – „განათლების ფარული ფასი“. მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა, რომლის ფარგლებში სამივე საფეხურის მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებს შეავსებინეს კითხვარი. კითხვარის მეშვეობით მათ გულწრფელად ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ სკოლაში სიარული, რა უქმნით დისკომფორტს და პირიქით, რა ანიჭებთ მოტივაციასა და სიამოვნებას სასკოლო ცხოვრებაში. ამასთანავე, მოსწავლეებმა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმიდან მოიძიეს ინფორმაცია საზღვარგარეთის ქვეყნების მოსწავლეთა დამოკიდებულებების შესახებ მსგავსი საკითხების მიმართ. ჩატარებული კვლევისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, პოდკასტის მასპინძლებმა – ნუცამ და მათემ – ჩაწერეს პოდკასტი. თავდაპირველად მათ მოამზადეს შესავალი (ინტრო), სადაც მსმენელებს გააცნეს პოდკასტის მიზანი და თემის აქტუალობა. მათ აღნიშნეს, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის მიღების პროცესი არ არის და მას ხშირად ახლავს ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური გამოწვევები, რომელთა შესახებ მოსწავლეები ნაკლებად საუბრობენ. შემდეგ წარმოადგინეს კვლევის შედეგები და გააჟღერეს მოსწავლეთა მოსაზრებები. გამოიკვეთა, რომ ბევრი მოსწავლისთვის სკოლა მეგობრების შეძენის, ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელოვანი სივრცეა. ამავდროულად, მოსწავლეთა ნაწილი ყურადღებას ამახვილებდა გადატვირთულ სასწავლო რეჟიმზე, შეფასებებთან დაკავშირებულ სტრესზე, არასაკმარის დასვენების დროსა და ემოციური მხარდაჭერის საჭიროებაზე. პოდკასტის ავტორებმა ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეებს მსგავსი გამოწვევები და სურვილები აერთიანებთ. მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო და მხარდამჭერი სასწავლო გარემო, მასწავლებლებთან თანამშრომლობა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა. პოდკასტის დასასრულს ნუცამ და მათემ მსმენელებს მოუწოდეს, მეტად მოუსმინონ მოსწავლეთა ხმას, რადგან სწორედ მათი გამოცდილებისა და საჭიროებების გათვალისწინება ქმნის უკეთეს, უფრო ჰუმანურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს. აღნიშნულმა ინიციატივამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა კვლევითი, საკომუნიკაციო და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მათი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენასა და აქტიური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას. პოდკასტის განხორციელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ მსჯელობა, საკუთარი აზრის გაბედულად გამოხატვა და საზოგადოებისათვის საინტერესო და სასარგებლო გზავნილების გავრცელება. ეს ინიციატივა სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თანატოლთა შორის დიალოგის წახალისების წარმატებულ მაგალითად იქცა.


