მასწავლებლის ეროვნული დღე
უჩვეულო სითბოთი და გულისხმიერებით იყო აღსავსე 27 სექტემბერი. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ეს იყო მეტად სასიხარულო ფაქტი, დასტური იმისა, რომ ხელისუფლება მუდამ პატივს მიაგებს ქვეყნისათვის მოღვაწე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე ღირსეულ საქმეს აკეთებს: ზრდის და აყალიბებს ქვეყნის გონიერ, საღად მოაზროვნე თაობას – მოსწავლე-ახალგაზრდობას.
საამაყოა ის ფაქტი, რომ ისეთი პიროვნებები წარადგინეს ჯილდოზე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ ადამიანის სულის ჩამოყალიბებისათვის, მათთვის საჭირო და საინტერესო გარემოს შესაქმნელად, სხვადასხვა აქტივობისა და მეთოდის დასანერგად. თითოეულ მათგანს კარგად იცნობს არა მარტო ჩვენი ქალაქის, არამედ ქვეყნის კულტურული საზოგადოება. მათ ჯილდოები და სამახსოვრო საჩუქრები თავად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიხეილ მიქანაძემ გადასცა.
რაოდენ საამაყოა, რომ დაჯილდოებულთა რიცხვში ქალაქ ქუთაისის №14 საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ, ქალბატონი ნონა ჩუბინიძე. იგი მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენციის გამარჯვებულია, თემით „სკოლის მაკეტი“. მომდევნო კონფერენციებშიც აქტიურად მონაწილეობდა, როგორც მომხსენებელი. ასევე გახლავთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი, ხარისხის განვითარების ზოგადი მიმართულების ექსპერტი და ავტორიზაციის საბჭოს წევრი. პედაგოგები ქალბატონ ნონას ერთგულ, უღალატო მეგობრად მიიჩნევენ. მის ირგვლივ გამუდმებით იკრიბებიან არა მარტო თავისი, მათემატიკის, კათედრის წევრები, არამედ ყველა კათედრის წარმომადგენელი და ერთად გეგმავენ მოზარდებისთვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობებს, რის გამოც ნონა მასწავლებელმა საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა.
ქალბატონ ნონას უდიდესი როლი მიუძღვის სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში. ხშირად არა მარტო მოსწავლეების, არამედ მშობლების მესაიდუმლეცაა და ეხმარება მათ პრობლემების გადაჭრაში. მისი დამსახურებაა თანამედროვე სკოლის მოწესრიგებული გარემო, სადაც ერთნაირად მოუხარია თითოეულ მოსწავლეს, მათ მშობლებსა და ყველა პედაგოგს.
ვულოცავთ ქალბატონ ნონას ამ გამარჯვებას, ვუსურვებთ წარმატებებსა და წინსვლას არა მარტო პედაგოგიურ მოღვაწეობაში, არამედ საერთო საქვეყნო საქმიანობაში.
მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ ღირსეული პატივი მიაგო ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანებს!