მთავარი / პროექტები / „რა, სად, როდის“ კლუბის განახლება ჩვენს სკოლაში

„რა, სად, როდის“ კლუბის განახლება ჩვენს სკოლაში

ჩვენი სკოლა დიდი ტრადიციების სკოლაა. იგი 1953 წელსაა აშენებული და იმდროინდელ ქუთაისში რიგით მე-14, ხოლო ავტოქარხნის დასახლებაში ერთადერთი სკოლა იყო. ტრადიციები გვავალდებულებს სკოლამ დაიბრუნოს ის სახელი და ავტორიტეტი, რაც მუდმივად ჰქონდა და გამოარჩევდა ქალაქის სხვა სკოლებიდან. იმედისმომცემი და სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სკოლა თანდათან იბრუნებს ძველ ავტორიტეტს. ამჯერად კიდევ ერთი ტრადიცია აღდგა სკოლაში. ეს კლუბის „რა, სად, როდის“ განახლებაა, რაშიც ლომის წვლილი სკოლის რუსული ენის მასწავლებელს ვალერი ვოლჩანსკის მიუძღვის. ასევე ფასდაუდებელია მუსიკის მასწავლებლის თამარ გაბისონიასა და რუსული ენის მასწავლებლის ქეთევან ამბროლაძის წვლილი. სკოლის მე-6 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით ჩამოყალიბდა 6 მოსწავლიანი გუნდები. ყველა გუნდს თავისი სახელი და საინტერესო ლოგო აქვს. თამაშები ორ ლიგად ტარდება. უფროსებისა და უმცროცების ლიგა. 2015 წლის 20 თაბერვალს გაიმართა უფროსების ლიგის პირველი თამაში. მასში მონაწილეობდა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 7 გუნდი. თამაში ძალიან დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. საინტერესო იყო როგორც კითხვები, ასევე კითხვებს შორის გუნდების მიერ მომზადებული გასართობი ნომრები, რამაც კიდევ უფრო საინტერესო გახადა თამაში.  თამაშის ბოლოს მოსწავლეთა შეფასებით კლუბმა მუშაობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. კითხვები ორიენტირებული იყო ლოგიკურ აზროვნებაზე, რაც მოსწავლეებში დაინტერესებას იწვევდა. სკოლა აუცილებლად ხელს შეუწყობს კლუბის ფუნქციონირებას მომავალშიც.