მთავარი / კატეგორიის გარეშე / შეაჩერე C ჰეპატიტი

შეაჩერე C ჰეპატიტი

სსიპ ქალაქ ქუთაისის #14 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი „ჰუმანისტები“ გამოეხმაურა ჯანდაცვის სამინისტროს აქციას „შეაჩერე C ჰეპატიტი“. აქციის ფარგლებში სამოქალაქო კლუბის წევრებმა სკოლის საზოგადოებასა და თემში ჩაატარეს ვიდეო–გამოკითხვა თემაზე „რა ვიცით C ჰეპატიტის შესახებ“. გამოკითხვებით დადგინდა, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობა ამ საკითხში ძალიან დაბალი იყო, ამიტომ დაიგეგმა კლუბის წევრებისათვის ტრენინგი აღნიშნულ თემაზე. ტრენინგს 35 მოსწავლე ესწრებოდა მე-9-მე-11 კლასებიდან. ტრენინგს უძღვებოდა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი თინათინ გოჩელაშვილი. იგი ესაუბრა მოსწავლეებს C ჰეპატიტის გამომწვევ მიზეზებზე, ორგანიზმში მისი ინკუბაციის პერიოდზე და მისი თავიდან აცილების გზებზე. ტრენინგს ლაიტმოტივად გასდევდა ლოზუნგი, რომ C ჰეპატიტი განკურბენადია და სტიგმა, თითქოს ამ დაავადების მქონე ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისათვის, მითია. ტრენინგი ინტერაქტიული იყო. ბოლოს თინათინ გოჩელაშვილმა უპასუხა მოსწავლეთა შეკითხვებს. ბავშვებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ამ დაავადების შესახებ. აქციის ფარგლებში „ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ თანადგომით დაიბეჭდა კლუბის წევრების მიერ შექმნილი ფლაერები და დარიგდა სკოლასა და თემში.

სამოქალაქო კლუბი დაფუძნებულია პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International–ი  USAID–ის ფინანსური მხარდაჭერით. იმერეთში პროგრამის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.